საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების წარდგენა
10 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთობლივად შემუშავებულ საერთაშორისო აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე, 2020-21 სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღების სამომავლო პროცესზე გამართავენ შეხვედრას.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები გააზიარებენ სიახლეებს პარტნიორ უნივერსიტეტებში ამ პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების შესახებ, კერძოდ, თსუ-ის 2020 წლის საბაკალავრო პროგრამების ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET* აკრედიტაციის შესახებ, ასევე თსუ - ში ქიმია/ბიოქიმიის პროგრამის ACS ** სერტიფიცირების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU - ის დეკანი საქართველოში, ჰალილ გუვენი, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი) წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და მოწვეული პროფესორები სხვადასხვა დარგობრივი სფეროდან.
2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს STEM დარგებში სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) თანამშრომლობით. 2019 წელს ამერიკულმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების მეხუთე ნაკადი STEM პროგრამებზე. 2020-21 სასწავლო წლიდან, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტები სტუდენტებს უკვე ინდივიდუალურად შესთავაზებენ იმავე მაღალხარისხიან STEM პროგრამებს, რასაც ახლა ისინი SDSU-საქართველოსთან პარტნიორობით ერთად ახორციელებენ. ამჟამად ყველა STEM პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მათ იმავე სახის დარგობრივი და საგანმანათლებლო საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ, როგორც პარტნიორობის ფარგლებში ეს ამჟამად ხდება. პროექტი განხორციელდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
SDSU -ისა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:
ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 4000-ზე მეტ პროგრამას, 800-ზე მეტ უნივერსიტეტში, მსოფლიოს 32 ქვეყანაში.
ამერიკული ქიმიური საზოგადოება (ACS) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც ახდენს ქიმიის საბაკალავრო პროგრამების სერტიფიცირებას.