ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო კონგრესი საქართველოთი დაინტერესდა

პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო კონგრესი საქართველოთი დაინტერესდა

მიმდინარე წლის, 6-12 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ქემერში, ჩატარდა პოზიტიური ფსიქოთერაპიის მე-7 მსოფლიო კონგრესი POSITUM 2019 მთავარი თემით: „ჯანმრთელობაკულტურა-ფსიქოთერაპია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24 ქვეყნის 400-მდე დელეგატმა (www.positum2019.org). მონაწილეთა შორის, წელს პირველად, წარმოდგენილი იყო საქართველოს დელეგაციაც, რომლის ხელმძღვანელი ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ლალი ბადრიძე მოხსენებით წარსდგა დამსწრე აუდიტორიის წინაშე და საინტერესოდ გააცნო რამდენად ახლოს არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუნდამენტური მახასიათებლები ჩვენს კულტურასთან და სულიერებასთან.

კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი ღონისძიების ერთერთი ღირსშესანიშნავი მოვლენაა პოზიტიური ფსიქოთერაპიისა და მისი დამფუძნებლის ნოსრატ პეზეშეკიანის მიერ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის დაწყების 50 წლისთავის აღნიშვნა. კონგრესის ფარგლებში გაიმართა 104 პლენარული და ინდივიდუალური წარდგენა, სამუშაო შეხვედრა და სემინარი, რამაც უნიკალური შესაძლებლობა მისცა კონგრესზე დამსწრე პოზიტიური ფსიქოთერაპიისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, ახალი კოლეგების გასაცნობად და საქმიანი ურთიერთკავშირების დასამყარებლად. ქართული დელეგაცია ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ახალბედა წევრი, რომელმაც ერთი წლის მანძილზე წარმატებით განავითარა ეს უახლესი მიდგომა. უცხოელმა პროფესიონალებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად დაუჭირონ მხარი ჩვენს ქვეყანაში პოზიტიური ფსიქოთერაპიის განვითარებას.

ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოაციაციის (EAP) მიერ აღიარებული ერთერთი სწრაფადმზარდი თანამედროვე მეთოდი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს დააფუძნა ირანული წარმომავლობის გერმანელმა ექიმ-ფსიქიატრმა და ნევროლოგმა ნოსრატ პეზეშკიანმა. ღრმა ფსიქოლოგიური წვდომის ფსიქოდინამიკური, სტრუქტურირებული მიდგომა ორიენტირებულია ტრანსკულუტურ ჰუმანისტურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ასევე კლიენტზე ფოკუსირებული მრავალმხრივი მეთოდიკის, მათ შორის, სწრაფი ფსიქოთერაპიული ტექნიკებისა და კოგნიტურბიჰევიორული ფსიქოთერაპიის გამოყენებით მიაღწიოს პიროვნული შემეცნებისა და ზრდა-განვითარების საუკეთესო შედეგებს.

საქართველოში ეს მეთოდი დანერგა პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წევრმა, საერთაშორისო განვითარების ცენტრის (IDC) დამფუძნებელმა, ლალი ბადრიძემ. ამჟამად, მიმდინარეობს პოზიტიური ფსიქოკონსულტირების 9-თვიან სასწავლო კურსზე მეხუთე ნაკადის მიღება. კვალიფიკაცია ენიჭებათ ექიმის, ფსიქოლოგის, სოციოლოგისა და მასწავლებლის დიპლომის მქონე მონაწილეებს. სხვა დაინტერესებულ პირთათვის ამ მიმართულებით პროფესიული განათლების მისაღებად აუცილებელია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთწლიანი საბაზისო კურსის შესწავლა. პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი ფსიქოკონსულტირების გარდა გამოიყენება განათლებაში, პერსონალის მართვაში, ბიზნესის განვითარებაში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროფესიულ წინსვლაში.