ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებში მედიაციის ცენტრები გაიხსნება

რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებში მედიაციის ცენტრები გაიხსნება


უახლოეს პერიოდში, რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებში, საპილოტე რეჟიმში, მედიაციის ცენტრები დაიწყებს მუშაობს. სასამართლო მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია მედიატორთა რაოდენობის გაზრდაც.
„ეს ორი სასამართლო მაღალი გადატვირთულობით გამოირჩევა. შესაბამისად პირველ ეტაპზე სწორედ რუსთავისა და გორის სასამართლოებში ვგეგმავთ საპილოტე რეჟიმის ამოქმედებას. ვაპირებთ, რომ ამ ქალაქებში 10-10 მედიატორი დავამატოთ“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი.
გელაშვილი დავის სასამართლოში განხილვასთან შედარებით, მედიაციის უპირატესობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მედიაცია არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება.
„სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამდე დავის შეთანხმებით დასრულებაზე. ეს არის სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება, რომ მხარეებმა დავა მოაგვარონ. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადია. ამას გარდა, მედიაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფონზე როცა სასამართლოების გადატვირთულობის გამო, დავების განხილვა ზოგჯერ ერთ წელზე დიდხანსაც გრძელდება. მედიაცია წარმატებით მუშაობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებით მედიაცია გახდება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და უფრო მიმზიდველი საშუალება“, - აცხადებს ირმა გელაშვილი.
სასამართლო მედიაცია საქართველოში უახლოეს პერიოდში შესაძლოა სავალდებულო გახდეს. აღნიშნულს ის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თუმცა მისი განხილვა პარლამენტში ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
„ველოდებით რომ მედიაციის შესახებ ახალი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. მიმდინარეობს მსჯელობა სავალდებულო მედიაციის შესახებ. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, რომ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე კარგი იქნება რომ მოქმედებდეს სავალდებულო მედიაცია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სავალდებული იქნება მხარეების მორიგება. აქ იგულისხმება, რომ მაგალითად ვიდრე კონკრეტული საქმე სასამართლოში არსებით განხილვაში გადავა, მანამდე მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებით მხარეები ჩართოს მედიაციის პროცესში. აქვე თუ მხარეები ვერ მორიგდებიან რჩება შესაძლებლობა საქმის სასამართლოში დაბრუნებისა“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ორჯონიკიძე. მისივე თქმით, ბოლო სამი წელია მედიციის ცენტრში მიმართვიანობა გასამმაგებულია.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციის ცენტრი 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს. 2016 წლის ივნისამდე ძალიან ცოტა საქმეების განხილვა ხდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ეს მონაცემები გასამმაგებულია. მოდავე მხარეების კმაყოფილების სტატისტიკა თითქმის 100%-ია. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაცია ამ ეტპაზე წარმატებულად მუშაობს“, - აღნიშნავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება მედიაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სასამართლო წარმოებისას ბაჟი დავის საგნის 3%-ს შეადგენს, მედიაციის შემთხვევაში ბაჟი დავის საგნის 1%-თ არის განსაზღვრული.
მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში.“