ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მედიაცია - დავის შეთანხმებით დასრულების ხელოვნება

მედიაცია - დავის შეთანხმებით დასრულების ხელოვნება

რა არის მედიცია? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ალბათ ცოტა თუ გაცემს. საქართველოს პარლამენტის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ მედიაცია არის “კონფლიქტური მხარეების მორიგების პროცედურა, მათი მოლაპარაკებაში ნებაყოფლობით ჩართვის გზით, ნეიტრალური მხარის, მედიატორის თანდასწრებით და ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით”. უფრო მარტივად, ეს საშუალებაა სადავო საკითხი სასამართლოს გარეშე ანუ ხანგრძლივი პროცედურებისთვის თავის არიდების მეშვეობით გადაჭრათ და დაზოგოთ დრო, რომელიც დღეს ნამდვილად ფულია. თუკი სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას წელიწადნახევარი და ზოგჯერ მეტი დროც სჭირდება, მედიაციის შემთხვევაში ეს ვადა საშუალოდ 90 დღეა.

სასამართლო მედიაციის შესახებ ჩანაწერი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წელიდან ჩნდება. ამავე კოდექსის 1873 მუხლი სავალდებულო მედიაციას საოჯახო (გარდა შვილად აყვანისა და მშობელთა უფლებებთან დაკავშირებული საქმეებისა), სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე აწესებს. მსგავსი ტიპის დავები სასამართლომ მედიაციაში შესაძლოა, მხარეებთან შეთანხმების გარეშე გაგზავნოს.  თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მედიაციის ცენტრს ნებისმიერი კატეგორიის სამოქალაქო დავა გადაეცეს. აქვე საგულისხმოა, რომ მედიაცია სისხლის სამართლებრივ საქმეებზეც მუშაობს, როცა საქმე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში.“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხრიდან პროექტს რუსუდან ტუშური ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ პროექტი ქვეყანაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანი სწორედ მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაა.

„მედიაცია არის დავების გადაწყვეტის ისეთი საშუალება, რომელიც ადამიანების მართლმსაჯულებით კმაყოფილებას ზრდის. პირველ რიგში, მედიაციის მხარეებს შეუძლიათ დავა დაასრულონ ძალიან მოკლე ვადაში. დავის ორივე მხარე ამ პროცესიდან ემოციურად გაწონასწორებული გამოდის. როგორც წესი, მხარეები რჩებიან ამ სისტემით კმაყოფილები. პროექტის უმთავრესი მიზანია, რომ მედიაცია უფრო ხშირად გამოიყენებოდეს საქართველოში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც ფიზიკურ პირებს შორის მედიაცია, ასევე ამ პროცესის გამოყენება ბიზნეს დავების გადაჭრისას“, - აცხადებს ტუშური და აღნიშნავს, რომ ამ საბოლოო მიზნამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გასავლელი, რასაც დიდი შრომა სჭირდება. „რომ შევხედოთ ტრადიციებს, რას აკეთებდა უხუცესი? ზუსტად ამ ქართული ტრაციდიციის თანამედროვე ინსტიტუციური ფორმაა მედიაცია“ - აცხადებს ამ პროექტის ხელმძღვანელი.

დავის გადაჭრის ამ ალტერნატიულ მეთოდში ერთ-ერთი მთავარი ასპექტი დამოუკიდებელი პირი - მედიატორია. სწორედ ის ეხმარება მხარეებს, დავიდან ოპტიმალური გამოსავალი მოძებნონ და სადავო საკითხი ისე გადაწყვიტონ, რომ თითოეული მათგანი კმაყოფილი დარჩეს. მედიაციის ეს უმთავრესი მიზანი კი მხოლოდ მხარეებს შორის სწორი კომუნიკაციის მეშვეობით მიიღწევა; ამ კომუნიკაციაში კი მხარეებს მედიატორი ეხმარება.
„მედიაცია ეხმარება დაპირისპირებულ მხარეებს საკუთარი ინტერესების დაახლოვებასა და კონფლიქტის გადაჭრაში ისეთი პირობებით, რაც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით რთული მისაღწევი იყოს“, - ასე მედიაციის როლს მედიატორი თორნიკე ბაქრაძე ხსნის. ის ამბობს, რომ ამ ინსტიტუტს სასამართლოსთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის კონფლიქტის გადაჭრის ვადები და ხარჯები, რომელიც დავის გადაჭრასთან არის დაკავშირებული.
„უპირატესობაა ხარჯებიც, ანუ სასამართლოსთან შედარებით მედიაციის ხარჯი პრაქტიკულად უმნიშვნელოა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება კი, ანუ მედიაციის შედეგი, სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, აღსრულებადია და შესასრულებლად სავალდებულო“, - აცხადებს მედიატორი თორნიკე ბაქრაძე.
მედიაციით მოგვარებული დავის შემთხვევაში მცირეა ახალი სასამართლო დავების წარმოშობის საფრთხე, რადგან სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ პროცესის შედეგად, ძირითად შემთხვევებში, დავა სრულად ამოიწურება.

„მედიაციის შედეგად მხარეთა შორის მიიღწევა  შეთანხმება, რომელიც მისაღებია თავად მხარეებისთვის. დავის მედიაციის გზით გადაჭრის შემთხვევაში, ხშირად, შესაძლებელია დავაში მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. მედიაციის პროცესში გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად მხარეები იღებენ. სასამართლოსა და არბიტრაჟისგან განსხვავებით ნეიტრალური პირი ანუ მედიატორი არ იღებს გადაწყვეტილებას. მედიატორი მხოლოდ ეხმარება მხარეებს კონსტრუქციულად და ეფექტიანად წარმართონ მოლაპარაკების და შეთანხმების პროცესი”, - აცხადებს მედიატორი სოფო ჩაჩავა.

მედიაციის პროცესზე გამჟღვანებული ინფორმაცია სრულად კონფიდენციალურია, რაც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად წარმართონ მოლაპარაკებები. აქ გამჟღავნებული ინფორმაცია, მოსაზრებები და შეთანხმების პირობებიც კონფიდენციალურია. შედეგად ეს არის საშუალება თქვენი დავები, შეთანხების სურვილის შემთხვევაში, იმაზე მარტივად და მოკლე დროში გადაჭრათ, ვიდრე ამას დღეს სასამართლო გთავაზობთ.