ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი

ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 3-დან 6 მაისის ჩათვლით საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა.  პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძელესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

კონკურსის პირობების შესახებ ინოფრმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ და  Facebook გვერდზე.