ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ყოველწლიური კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“

ყოველწლიური კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“

1-3 დეკემბერს თბილისში 10:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ მესამედ გაიმართება ყოველწლიური კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC).

კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და ფასიანი იურიდიული მომსახურების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, ხელმისაწვდომობის, სპექტრისა და ხარისხის გაზრდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის, EU4Justice, ნაწილია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სფეროში, და რომლის ბიუჯეტი შეადგენს 50 მილიონ ევროს.

გამომსვლელები:

  • ნინო ჩიქოვანი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
  • დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი
  • გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
  • კაიდო სირელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

არბიტრაჟის დღეების შესახებ:

არბიტრაჟის დღეები წამყვანი კონფერენციაა არბიტრაჟის მიმართულებით საქართველოსა და მთელს  რეგიონში. მისი მიზანია სადისკუსიო სივრცის შექმნა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სტუდენტებისათვის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და არბიტრაჟით დაინტერესებული პირებისათვის და არბიტრაჟის სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა. ფორუმი ხელს უწყობს საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარებას და საქართველოს ჩამოყალიბებას რეგიონული არბიტრაჟის ცენტრად.  

2014 და 2015 წლების მსგავსად, არბიტრაჟის დღეებში მონაწილეობას მიიღებენ  წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სააარბიტრაჟო სასამართლოს (საფრანგეთი), ჰააგის არბიტრაჟის  მუდმივმოქმედი სასამართლოს (ნიდერლანდები) და სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს (შვედეთი) წარმომადგენლები.   

კონფერენცია გაიხსნება პირველი ქართული არბიტრაჟის განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაციით, რომელიც  შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

სამდღიანი კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეები შეხვდებიან არბიტრაჟის წამყვან ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სემინარი ახალგაზრდა პრაქტიკოსებისათვის, რომელსაც  ჩაატარებს დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საერთაშორისო დაწესებულება დავების მოგვარების სფეროში. 3 დეკემბერს კონფერენციას დაასრულებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ახალგაზრდული ფორუმის (ICC YAF) ღონისძიება.

2016 წლის თბილისის საარბიტრაჟო დღეების პარტნიორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, იურიდიული კომპანია „BLC“, ,,იუაი საქართველო“. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან ფორბს საქართველო და TDM.