ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

"აღმოაჩინე ლატვია" – ლატვიური მოდა - თბილისში

2014 წლის 24 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე, საქართველო უმასპინძლა ლატვიის დღეებს სახელწოდებით „აღმოაჩინე ლატვია“. ლატვიის დღეების გამართვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იყო: ლატვია-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ბიზნეს-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგში.

ლატვიას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს. მულტიკულტურული კოქტეილის წყალობით, ქვეყნის ისტორია და კულტურა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, თუმცა, ამავე დროს, განუმეორებელი და უნიკალურია. ევროპის არცერთი ერი ისე არ ზრუნავს საკუთარ თვითმყოფადობაზე, როგორც ლატვიელები. მათ უამრავი ნაციონალური სიმბოლო აქვთ. ტრადიციული დროშის, გერბისა და ჰიმნის გარდა, ლატვიას აქვს ნაციონალური ყვავილი, ორი ნაციონალური ხე და ნაციონალური ფრინველი.

რიგა თავისი დინამიკური და თითქოს-და ზღაპრული ისტორიით ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მიიჩნეოდა მდიდარი კულტურული ცხოვრებით გაჯერებულ ქალაქად, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წელს მას ევროპის კულტურულ დედაქალაქად არჩევის პატივი ერგო. რიგა 1201 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთხელ გადაკეთდა და შეიცვალა. ქალაქი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. სახელგანთქმული „ძველი ქალაქი“ თავისი შუასაუკუნოვანი შენობებით იუნესკო-ს ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იუგენდ-სტილის უამრავი არქიტექტურული ძეგლია თავმოყრილი. ორიგინალური მუზეუმებისა და მდიდარი კულტურული ცხოვრების წყალობით, რიგას განუმეორებელ ქალაქად - ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე „პატარა პარიზად“ მიიჩნევენ.

ქვეყანა, რომელიც მღერის - ასე უწოდებენ ლატვიას. მისი ფერწერული პეიზაჟები მხოლოდ სილამაზით კი არ გვხიბლავს - ლატვია ზღვის ზვირთცემის, დაჩრდილულ ტყეში მოჩუხჩუხე ნაკადულისა თუ ძველისძველი დედაქალაქის დილის განუწყვეტელი ხმაურის ბგერებს გამოსცემს. ქვეყანაში ცხოვრება კონცერტებითა და მუსიკალური ფესტივალებით არის გაჯერებული - საოპერო სპექტაკლები, ძველებული მუსიკის ფესტივალები, სიმღერის დღესასწაულები, ჯაზის მუსიკის კონცერტები, ეთნომუსიკოსების გამოსვლები, ასევე თანამედროვე მუსიკის ყველა მიმართულების ღონისძიებები... საგულისხმოა, რომ მსოფლიო საგუნდო ოლიმპიადა 2014 წლის ივლისში სწორედ რიგაში ჩატარდა. მუსიკალური ფესტივალი Positivus რიგის ყურის სანაპიროზე იმართება და ყოველწლიურად 30 000-მდე სტუმარი მუსიკალური ჟანრების საუცხოოდ შერწყმის შეუდარებელ ატმოსფეროში გადაჰყავს. ლატვიის ნაციონალური ოპერა კლასიკური და რომანტიკული ოპერისა და ბალეტის ტრადიციულ ფასეულობებს მიაგებს პატივს, ამავდროულად კი გამოსახვის თანამედროვე ფორმების ძიებისკენ მიისწრაფის. იგი საერთაშორისო კონტაქტებისთვისაც გახსნილია: დასი აქტიურად დადის გასტროლებზე და საქვეყნოდ ცნობილ უამრავ მოწვეულ სოლისტთან, დირიჟორთან, ქორეოგრაფთან თუ რეჟისორთან წარმატებით თანამშრომლობს.

შემთხვევითი არაა, რომ ლატვიელთა უმთავრეს დღესასწაულს, რომელიც 1873 წლიდან აღინიშნება, „სიმღერის ზეიმი“ ჰქვია. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ლატვიური ენის განსაკუთრებული მელოდიურობაც იყოს, რომელიც სიტყვაში მახვილის პირველ მარცვალზე დასმით არის განპირობებული. აქვე შეგახსენებთ, რომ ლატვიელები თავიანთ მელოდიურ ენას უცხოური ნასესხობებისგან ენერგიულად იცავენ.

ლატვიის კულტურა უნიკალურია. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ქვეყანამ უკანასკნელ ათასწლეულში ევროპისა და თითქმის მთელი მსოფლიოს ხალხური ტრადიციები და გამოცდილება შეისრუტა, თუმცა, ამავე დროს, მხოლოდ ლატვიელებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები შეინარჩუნა. ამის ნათელი მაგალითია კერპთაყვანისმცემლური ტრადიციები, რომლებსაც თითქმის ყველა ოჯახში სათანადო პატივს სცემენ. მათ შორის გამოირჩევა ზაფხულის მზედგომის დღესასწაული ანუ ლიგო. ამ დღეს ლატვიის ყველა მთასა თუ ბორცვზე აუცილებლად ანთებენ კოცონს, მის გარშემო გაჩაღებული სიმღერითა და გართობით, ლიგოს მჟღერი ჰანგებით, აქაფებული ლუდით სავსე კათხებითა და მუხის გვირგვინებით კი წლის ყველაზე მოკლე ღამეს აცილებენ. შესანიშნავი ლატვიური სამზარეულო გულგრილს არავის ტოვებს. ის ერთ-ერთი იმ სამზარეულოთაგანია, რომელსაც მარტივსა და ნოყიერს უწოდებენ.

ლატვიური სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები მონაწილეობენ ისეთ მსხვილ კინოფესტივალებში, როგორებიცაა ბერლინის, კანის, ვენეციის, ლაიბციგის, ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალი, პუჩხონის კინოფესტივალი კორეაში, დოკუმენტური კინოს ფესტივალი ამსტერდამში... ლატვიურმა ფილმმა „დედა, მე შენ მიყვარხარ“ (Mammu, es tevi mīlu) ბერლინის კინოფესტივალზე გაიმარჯვა და სამი პრიზი დაიმსახურა: ბავშვთა დახმარების გერმანული ფონდის გრან-პრი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, ბავშვთა დახმარების გერმანული ფონდის გრან-პრი ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის და კონკურსის საერთაშორისო ჟიურის გრან-პრი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი საუკეთესო ფილმისთვის.

უამრავ წარმატებას მიაღწიეს ლატვიელმა დიზაინერებმა გამორჩეული სამოსის, აქსესუარებისა და სამკაულების შექმნით, რომლებიც მხოლოდ მოდის ადგილობრივ მიმდევართ როდი ახარებს. ლატვიის მოდის პალატა 2010 წელს ქვეყანაში მოდის ბიზნესის და შესაბამისი განათლების განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით დაარსდა, რათა მოდა გამხდარიყო დარგი, რომელიც მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტს აწარმოებს და ლატვიის ეკონომიკასა და ექსპორტში წვლილს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს მოდების ჩვენებას, რომლის ორგანიზატორიც ლატვიის მოდის პალატაა.

რიგის მახლობლად მდებარეობს ცნობილი კურორტი იურმალა, სადაც პოეტ რაინისის მუზეუმ-აგარაკია განთავსებული. იურმალაში ყოველწლიურად იმართება საესტრადო სიმღერის პოპულარული ფესტივალი, რომელზეც ქართველი შემსრულებლები წარმატებით გამოდიან. წლევანდელ კონკურსზე სწორედ საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ გაიმარჯვა.

ლატვიასა და საქართველოს შორის არსებული კულტურული კავშირები სულ უფრო ღრმავდება და მტკიცდება. წელს თბილისში ლატვიური კულტურის მრავალფეროვანი პროგრამები ხორციელდება. მათი მთავარი მიზანია, გააცნოს ქართველებს რიგის, როგორც ევროპის კულტურული დედაქალაქის მისია. ქართველმა ხელოვნების მოყვარულებმა უკვე ჯეროვნად შეაფასეს სახელმწიფო აკადემიური გუნდის - „ლატვიას“ გამოსვლები (საგუნდო სიმღერის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა კულტურის ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად მიიჩნევა), ასევე იულია სტრაუმეს ნამუშევრები.  მხატვრული ტექსტილის გამოჩენილი ოსტატი ლატვიის მოქალაქეა, მისი შემოქმედების გარკვეული ეტაპები კი მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს.

წარმატებულად ჩაიარა საერთაშორისო ფოტოგამოფენამ „რიგა-თბილისი“. მხოლოდ დამოუკიდებელი შეხედულებები ემოციებზე, კულტურის თავისებურებებსა და მენტალიტეტის ნიუანსებზე - ასეთი იყო კულტურული გაცვლის მიზანი.