ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე

15 ოქტომბერი, 2014 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.  ღონისძიების ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.  

დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს სათემო პროექტებში ჩართულმა ქალბატონებმა სამეგრელოსა და კახეთიდან, ფერმერმა ქალებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

დღესასწაულის მონაწილეებს მიმართეს შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, და საქართველოს პარლამენტის წევრმა, თინა ხიდაშელმა.

გაიმართა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე ჩატარდა დისკუსია, რომელშიც ფერმერ ქალებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება დასრულდა ცნობილი ქართველი მომღერლების - სალომე ბაკურაძისა და გიორგი სუხიტაშვილის კონცერტით.

სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად აღინიშნა 2008 წლის 15 ოქტომბერს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს „სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.“

საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობაში, მაგრამ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლავაც არასაკმარისია. გასული წლებში შემცირდა ქალთა რაოდენობა ადგილობრივ თვითმმართველობაში: 14%-დან 1998 წელს 11.5%-მდე 2014 წელს. ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე და მამაკაცებთან შედარებით უფრო მცირე შანსი აქვთ, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი.